პროტონული თერაპია – სიმსივნესთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდი

ქართული მედიცინის განვითარების საქმეში და განსაკუთრებით ქუთაისისთვის ბ-ნი კახა ნურალიძე ძალიან საინტერესო მოვლენაა. ამპლუა მრავალსახოვანია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის ლიდერების სკოლის (INSEAD, ფონტენბლო, საფრანგეთი) კურსდამთავრებული, თსსუს-ს კლინიკური პროფესორი და სახელმწიფოს ექსპერტი, აწსუ-ს სრული პროფესორი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, სამხედრო ექიმი… თბილისსა და ქუთაისში კახა ნურალიძის ხელმძღვანელობისას, დაარსდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“ (2005-2010 წწ.). დღეს ბ-ნი კახა ქუთაისში ახლადშექმნილ (2018 წ.) „საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ბევრი მიმართულებით წარმოადგენს უპირობო ლიდერს რეგიონში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნა უმნიშვნელოვანესია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. შესაბამისად, დგება ახალი ეტაპი მედიცინაშიც და საამაყოა, რომ ეს პროცესი ისევ ქუთაისიდან იწყება.  საზოგადოებისთვის უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენს ისეთი უახლესი მიმართულება, როგორიცაა ე. წ. „ადრონული მედიცინა“ და „პროტონული თერაპია“. პროფ. კახა ნურალიძე გაგვაცნობს კომპეტენტურ ინფორმაციას აღნიშნულ ინოვაციებთან დაკავშირებით:

– ბ-ნო კახა, რას ნიშნავს „პროტონული თერაპია“ და რა მიმართულებებს, პაციენტთა რა კონტიგენტს მოემსახურება იგი?

  – პროტონული თერაპია წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდს. სხივური თერაპიის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მას ახასიათებს გაცილებით მაღალი პრეციზიულობა (მიზანში ზუსტი მოხვედრა) ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების და ორგანოების დაზიანების გარეშე. ანუ, თუკი სხივურ ამაჩქარებელს ახასიათებს გამჭოლი მოქმედება სხივის მთელ გაყოლებაზე, მათ შორის სხივის გზაზე შემხვედრი ჯანსაღი ქსოვილების დაზიანებაც, პროტონული დასხივების დროს ხდება მხოლოდ სიმსივნური ქსოვილის ლიკვიდაცია ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილების დაზიანების გარეშე. კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული უპირატესობა გამოიხატება 2 ასპექტით:

 

 

 

  1. პროტონული თერაპია საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი რადიაციული დარტყმა მივაყენოთ სიმსივნურ ქსოვილს, ვიდრე სხივური ამაჩქარებლის შემთხვევაში.
  2. მთელი რიგი სიმსივნეების დროს (მაგალითად, თვალბუდის ან ტვინის ღეროს სიმსივნეები, ნებისმიერი სიმსივნური პროცესი ბავშვებში) პროტონული თერაპია გვევლინება მკურნალობის უალტერნატივო საშუალებად.

           დღესდღეობით პროტონული თერაპიის უპირატესობები და სამკურნალო შესაძლებლობები  საყოველთაოდაა აღიარებული და დისკუსიას არ ექვემდებარება.

                                                           

– რატომ არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი სამედიცინო მიმართულება თუნდაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული აქამდე?  

–   უკანასკნელ ხანებამდე პროტონული თერაპიის საყოველთაო გავრცელებას ხელს უშლიდა მისი სიძვირე. ყოველი ახალი ცენტის მოწყობისათვის საჭირო იყო 110 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. უკანასკნელი ათწლედის სამეცნიერო-პრაქტიკულმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად გააიაფა ეს ტექნოლოგია და საშუალება მისცა წამყვან მწარმოებლებს, შემოეთავაზებინათ პროტონული თერაპიის ტექნოლოგიის ეკონომ-ვარიანტები, რომელთა ღირებულება იწყება 20-22 მლნ. ევროდან (მშენებლობის ხარჯების გარეშე) და კლინიკური შედეგების თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდებიან ზემოთნახსენებ თავდაპირველ „ძვირ“ ტექნოლოგიებს. ამ გარღვევამ მკვეთრად გაზარდა პროტონული თერაპიის ცენტრების მიმდინარე პროექტების რაოდენობა. ასე მაგალითად, თუკი დღეისათვის მსოფლიოში მოქმედებს პროტონული თერაპიის მხოლოდ 65 ცენტრი, მიღწეული ხარჯთეფექტურობის წყალობით  2015-2016 წლებში გაფორმდა 70-ზე მეტი კონტრაქტი დამატებით ახალი  ცენტრების მშენებლობისთვის. 2021 წლისთვის პროტონული ცენტრების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მედიცინის არც ერთი სფერო არ ვითარდება ისეთი სისწრაფით, როგორც პროტონული თერაპია. ჩვენი დასკვნის სტატისტიკურ დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყოველ 5 მლნ. მოსახლეზე ვლინდება 10 000 ახალი ონკოლოგიური შემთხვევა წელიწადში, რომელიც ერთხელ მაინც საჭიროებს პროტონულ თერაპიას. ეს ნიშნავს იმას, რომ პლანეტის მოსახლეობის სრული მოცვისათვის საჭიროა ათასობით ასეთი ტიპის სამკურნალო დაწესებულებება.

 

– იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ პროტონული თერაპიის გამოყენების სფეროები…

აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ონკოლოგთა საზოგადოებების მიერ შემუშავებული გაიდლაინების (სტანდარტების) შესაბამისად ყველა პედიატრული (ბავშვთა ასაკის) სიმსივნე იგზავნება მხოლოდ პროტონულ თერაპიაზე. იგივე შეიძლება ითქვას თვალისა და თვალბუდის, ასევე ზოგიერთი სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეზე. რაც შეეხება ისეთ ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს, როგორიცაა პროსტატის, საშვილოსნოს, ფილტვის, ღვიძლის, პანკრეასის, თავის და ზურგის ტვინის და სხვა მოცულობით წარმონაქმნებს, დღეისათვის ეჭვს არ იწვევს მათი პროტონული თერაპიის მეთოდიკით მკურნალობის უპირატესობა სხივურ ამაჩქარებლებთან შედარებით. პროტონული თერაპიის ცენტრებში ამ ლოკალიზაციის სიმსივნეების მკურნალობა შეზღუდულია მხოლოდ ამ დაწესებულებების შედარებით მცირე გამტარუნარიანობის გამო. შესაბამისად, პროტონული თერაპიის ცენტრების რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვევს ონკოლოგიურ პაციენტთა კონტიგენტის „ტოტალურ გადაბარგებას“ ამ ცენტრებში.

 

– საინტერესოა, როგორი იქნება მკურნალობის ღირებულება და, შესაბამისად, ხელმისაწვდომობა ქართველი პაციენტისთვის?

–  ბუნებრივია, რომ პროტონული თერაპიით მკურნალობა სხივური ამაჩქარებლით მკურნალობაზე უფრო ძვირი ჯდება, თუმცა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს სხვაობა დრამატული არ არის. შესაბამისად, პროტონულ თერაპიას აფინანსებს ყველა ძირითადი სადაზღვევო პროგრამა (Medicare, Medicaid და სხვა). სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო პროტექტორატის ქვეშ მყოფებიც, უპირობოდ აღიარებენ ავადმყოფთა უფლებას, ისარგებლონ განკურნების და სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო მეთოდით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მკურნალობის ღირებულება იწყება 18-19 000 დოლარიდან, ხოლო ევროპაში – 17 000 ევროდან (პრაღა, ჩეხეთი) და აღწევს 30 000 ევრომდე (მიუნხენი, გერმანია). სავარაუდოდ, საქართველოში მკურნალობის ღირებულება იქნება დაახლოებით 11 000 ევროს ექვივალენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ჯანდაცვის სახელმწიფო (მუშაობა უკვე მიმდინარეობს) და კერძო სადაზღვევო პროგრამები, რათა განხორციელდეს პაციენტების დაფინანსება და მათთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.

 



ნანახია 699-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error