გაზაფხულის უსიამოვნებანი

ცივი ზამთრის შემდეგ მზიანი და თბილი დღეები სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებს. მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება ქრონიკული პათოლოგიების გამწვავება, ინფექციური დაავადებები და ეპიდეემიები გაზაფხულზე ხშირია. მრავალ ჩვენგანს სისუსტე, მოდუნება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, აპათია, ინერტულობა და ინდიფერენტულობა ეუფლება და საქმისა თუ ადმიანების მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს.

რატომ ხდება ასე?

მიზეზი, უპირველეს ყოვლისა ვიტამინების ნაკლებობაა, მერე კი – ამ და სხვა ფაქტორით განპირობებული იმუნოდეფიციტი. ზოგიერთი ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში საკვების მეშვეობით აღწევს, ზოგიერთი კი მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობის შედეგად ნაწლავებშივე წარმოიქმნება ზამთრობით, განსაკუთრებით – გაზაფხულის პირზე, ორივე პროცესი სუსტდება.

ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ვიტამინების ბუნებრივი წყარო გახლავთ, სრულიად გახევებული და გამოფიტულია, ასე რომ ვიტამინების შემცველობის თვალსაზრისით მათი კვებითი  ღირებულება ჩვეულებრივზე საგრძნობლად მცირეა. ეს იმიტომ, რომ ზამთარში როცა ამ პროდუქტებს დიდი ხნით ინახავენ (ხშირად უმართებულო პირობებში ), მათში ვიტამინები იშლება, ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა შემცველობა მცირდება. რაფინირებული და დაკონსერვებული საკვები კი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს. არადა, ეს ნაერთები ყველაზე მეტად სწორედ გაზაფხულზეა საჭირო იმუნური სისტემის გაძლიერების, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურებისთვის -ამ პერიოდში ხომ ბაქტერიისა  თუ ვირუსის მრავალი სახეობა მრავლდება და აქტიურდება. ჰოდა, ვიტამინების ნაკლებობის წყალობით უფრო ხშირად სწორედ მავნე მიკროორგანიზმები იმარჯვებენ, ერევიან ჩვენს ორგანიზმს და უამრავ დაავადებას უდებენ სათავეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იმუნური სისტემის დასუსტებისა და ბრძოლისუუნარობის გამო ავადმყოფობა დიდხანს გასტანს და ხშირად ქრონიკულშიც გადაიზრდება.

როდესაც გაზაფხულის იმუნოდეფიციტზე ლაპრაკობენ, გულისხმობენ ორგანიზმის დავდაცვით რეაქციათა შესუსტებას. იმუნური სისტემის ცალკეულ სადგურებს  – ძვლის ტვინს, თიმუსს, (მკერდუკანა ჯირკვალს) ლიმფურ კვანძებს, ელენთას – აღარ შესწევთ აქტიური ბრძოლის უნარი, ზამთარში გადატანილ ინფექციათა და სხვა დაავადებათა გამო საბრძოლო მარაგი ამოწურული აქვთ და შევსება სჭირდებათ. ქალები კი, ზედმეტი წონა რომ მოიშორონ და დაიბრუნონ მოხდენილობა, სწორედ გაზაფხულობით იწყებენ ათასგვარი დიეტის დაცვას. დაიხსომეთ: გაზაფხულზე, როგორც არასდროს გაძლიერებული კვება და ცხოვრების მართებული რიტმის დაცვაა საჭირო. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. კარგად დაისვენეთ. თუ ორგანიზმი გთხოვთ, გაძლიერებულად იკვებეთ, ვიტამინების ნაკლებობა კი კომპლექსური პრეპარეტებით ხელოვნურად შეივსეთ. შესანიშნავია, სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა და გამაჯანსაღებელი აბაზანები. ამით ორგანიზმს გაიკაჟებთ, დაქვეითებულ იმუნურ სისტემას გაიძლიერებთ და ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებსაც ადვილად გაუწევთ წინააღმდეგობას.



ნანახია 732-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error