რა დაავადებაა სტენოკარდია? – შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვაჟა აგლაძე

ჩვენს საუკუნეში სიკვდილობის და ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს გულთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ჩაიტაროთ კვლევები და დაიცვათ რეკომენდაციები.

დღეს გვინდა ისეთ გავრცელებულ პათოლოგიაზე გესაუბროთ, როგორიც სტენოკარდიული სინდრომია. თუ რა არის სტენოკარდია? როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო კითხვებს, ჩვენი კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვაჟა აგლაძე პასუხობს.

 

– რა არის სტენოკარდია?

სტენოკარდია გულის კუნთის ხანმოკლე, შექცევადი იშემიით გამოწვეული სინდრომია, რომელიც გამოიხატება ტკივილით ან დისკომფორტით გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ქვედა ყბაში, მხარში, ზურგში, ეპიგასტრიუმში ან ხელში. არტერიის შევიწროება უმეტესად ათეროსკლეროზითაა გამოწვეული, იშვიათად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოთელიუმის დისფუნქცია, თრომბოზი, მიკროვასკულარული დარღვევები, კორონარული სპაზმი, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, აორტის სარქვლის სტენოზი.

 

– რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზები?

სტენოკარდიასა და მიოკარდიუმის ინფარქტს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ზოგიერთი ხელშემწყობი ფაქტორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და საგრძნობლად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ასეთი ფაქტორებია მოწევა, სმა, ჭარბი წონა. რისკის ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის აღმოსაფხვრელად კი მეტი ძალისხმევა და ხშირად მედიკამენტური ჩარევაც კია საჭირო. ერთი რისკფაქტორის არსებობა 2-3-ჯერ ზრდის ინფარქტის განვითარების რისკს, ხოლო 2-3 რისკფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ალბათობა ათჯერ იზრდება.

 

– როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?

სტენოკარდიის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ:

ავადმყოფის გამოკითხვას, რის საფუძველზეც ხდება შეტევის ხასიათის და ხანგრძლივობის დაზუსტება, დგინდება შეტევის კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან და ნიტროგლიცერინის ზეგავლენა შეტევების მოხსნაზე.

არც თუ იშვიათად, როცა სტენოკარდიის დროს ელექტროკარდიოგრამაზე არავითარი ცვლილება არ შეინიშნება – ცვლილებები მხოლოდ 24 -72 საათის შემდეგ ხდება  ხოლმე შესამჩნევი, ამიტომ ექიმი მხოლოდ კარდიოგრამას არ უნდა ენდოს, მან უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფის ჩივილები, თანსართული პატოლოგიები  და ისე შეაფასოს მდგომარეობა.

სტენოკარდიის გამოსავლენად არსებობს დატვირთვის ტესტი. ამ დროს ავადმყოფს სარბენ ბილიკზე ჯერ ნელა ნაბიჯით, შემდეგ თანდათან უფრო აჩქარებულს, პარალელურად კი ელექტროკარდიოგრამას იღებენ და ამგვარად ადგენენ გულის იშემიური დაავადების არსებობა-არარსებობას, მაგრამ დაუშვებელია, დატვირთვის ტესტი ჩაუტარდეს ადამიანს, რომელსაც მწვავე კორონარული უკმარისობა აქვს.

 

– რა სიმპტომებით ვლინდება?

კლასიკურ შემთხვევაში პაციენტი სტენოკარდიას აღწერს მკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილით, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად ტკივილი გადაეცემა მარცხენა მხრის არეში და ხელში, ბეჭთაშუა, ყელისა და ყბის, კბილების არეში, იშვიათად გვხვდება ტკივილი ეპიგასტირუმის არეში, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ხშირად პაციენტი ტკივილს უაროფს და აღნიშნავს დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძნებას გულმკერდის არეში, ადვილად დაღლა, რაც ასევე სტენოკარდიის ექვივალენტია. სტენოკარდიის შეტევა გრძელდება 1-20 წუთი და იხსნება ნიტრატის მიღებით ან ფიზიკური დატვირთვის შეწყეტის შემდეგ.

 

– როგორია მკურნალობა?

მკურნალობა კომბინირებულია, როგორც მედიკამენტებით, ასევე კორონარული არტერიების რევასკულარიზაციით, ამას კვლევის შედეგები განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია არტერიული წნევის და პულსის ნორმალიზაცია და შესაბამისი მედიკამენტების მიღება, ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინისგან გათავისუფლება, ანტიაგრეგანტის მიღება.

 

– რა პრევენცია არსებობს?

პრევენცია მნიშვნელოვანია, დიდი წვლილი მიუძღვის ცხოვრების წესის შეცვლას, რაც გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების აკრძალვას, სწორ კვებას, სტრესული სიტუაციისგან თავის არიდებას.



ნანახია 515-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error