გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათი სიმპტომები

დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ გავრცელებულ და მოწინავე დაავადებათა შორის სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ლიდერობს. დაავადება მოიცავს გულის იშემიურ დაავადებას, მიოკარადიუმის ინფარქტს, ინსულტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის უკმარისობას.
დაავადება ხშირად 50 წელს ზემოთ გვხვდება, თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლებელია უფრო ახალგაზრდა ასაკშიც აწუხებდეს პაციენტს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემა მამაკაცებში შედარებით ადრეულ ასაკში ვითარდება, ვიდრე ქალბატონებში. ამას ხელს უწყობს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული წნევა, ზედმეტი წონა და ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. უნდა აღინიშნოს, რომ გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში, ხოლო რაც შეეხება პათოლოგიის განვითარებას ქალბატონებში, გასათვალისწინებელია, რომ მენოპაუზის შემდეგ რისკი უტოლდება მამაკაცებისას.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ვიდრე ჯანმრთელობის გაუარესება პიკს არ მიაღწევს, ექიმს არ მიმართავენ. დროული მკურნალობით უამრავი პრობლემის და რიგ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ზაფხულში და განსაკუთრებით ცხელ ამინდებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იჩენს თავს, ძირითადი ნიშნები და დაავადების სიმპტომები გახლავთ: აჩქარებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა, არარეგულარული გულისცემა, დაღლილობის შეგრძნება, რომელიც შეიძლება ფიზიკური დატვირთვის გარეშე აღინიშნებოდეს, ასევე სუნთქვის გაძნელება.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები. ყოვლად დაუშვებელია თვითნებური მედიკამენტოზური მკურნალობა.



ნანახია 466-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error