ინსულტი და მისი ფორმები

რა არის ინსულტი?

ინსულტი არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რის შედეგადაც ზიანდება ტვინის ქსოვილი.
არსებობს ინსულტის ორი ფორმა:

  • იშემიური ინსულტი: არტერიის თრომბით დახშობა
  • ჰემორაგიული ინსულტი: სისხლჩაქცევა ტვინში

ინსულტის ყველაზე ხშირი (87%) ფორმა იშემიურია.

ინსულტის დროს, ყოველ 1 წუთში 2 მილიონი ნეირონი იღუპება, რაც ზრდის ტვინის სამუდამო დაზიანების, უნარშეზღუდულობის და სიკვდილის რისკს.

შესაძლებელია თუ არა ინსულტის მკურნალობა?

თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას – თრომბოლიზური მედიკამენტის გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.

ინსულტის დიაგნოსტირება და მკურნალობა ინსულტის სპეციალიზირებულ ცენტრში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგად თერაპიულ განყოფილებაში. ინსულტის ცენტრში პაციენტს მკურნალობს მულტიპროფილური და სპეციალური ცოდნის მქონე გუნდი – ნევროლოგი, კარდიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ერგოთერაპევტი და ლოგოპედი.

სწრაფი მოქმედება ამცირებს ზიანს!

სწრაფი მოქმედება = ტვინის ქსოვილის ნაკლებ დაზიანებას!

ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია დროული მკურნალობის ჩატრება, რაც ამცირებს ტვინის ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანების და უნარშეზღუდულობის რისკს. სამკურნალო პროცედურის (თრომბოლიზისის) ჩატარება საჭიროა პირველი 3 საათის განმავლობაში.

დაიმახსოვრე ინსულტის სამი ნიშანი

  • სისუსტე კიდურებში – შეუძლია ორივე ხელის აზიდვა და შენარჩუნება?
  • ასიმეტრიული სახე – ჩამოწეული აქვს სახე ცალ მხარეს? შეუძლია გაღიმება?
  • მეტყველების დარღვევა – დარღვეული აქვს ან უჭირს მეტყველება?
  • იჩქარე!

პაციენტის გადასარჩენად მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება!

თუ შენიშნეთ ინსულტის სამი ნიშანი, დარეკეთ 112-ში და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

  • გაუსწორეთ პაციენტს თავი და ნიკაპი
  • დააკვირდით სუნთქვას
  • დააკვირდით გულისცემას
  • დააკვირდით რეაგირებას – ხმაზე, ტკივილზე
  • გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი

ინსულტის პრევენცია შესაძლებელია!

ინსულტის რისკის შესამცირებლად, სასურველია:

  • დაარეგულიროთ სისხლის წნევა
  • აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში
  • შეწყვიტოთ მოწევა
  • შეწყვიტოთ ჭარბი ალკოჰოლის მიღება
  • მიირთვათ ჯანსაღი საკვები
  • ივარჯიშოთ რეგულარულად
  • აკონტროლოთ სხეულის წონა
  • აირიდოთ სტრესული მდგომარეობა


ნანახია 687-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error