კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის დაავადებების გამოკვლევა და მკურნალობა

 

კოლონოსკოპია წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის მეთოდს. ის ენდოსკოპიის ერთ-ერთი სახეა.

– რა არის კოლონოსკოპია?
ეს არის სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი სპეციალური ზონდის მეშვებით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას. კოლონოსკოპია მთელი მსხვილი ნაწლავის ტოტალური გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს.

– რა შემთხვევებში ხდება კოლონოსკოპიური კვლევის ჩატარება საჭირო?
კოლონოსკოპიური კვლევა ტარდება ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირებისთვის, როგორებიცაა:

  • წყლულის წარმოქმნა
  • პოლიპები
  • დივერტიკულები
  • სიმსივნეები და სხვა

ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკასთან ერთად კოლონოსკოპიის მეშვეობით ასევე ხორციელდება ბიოფსიის ჩატარება, დაზიანების მოცილება, პოლიპექტომია. პოლიპის მოცილებისთანავე შესაძლებელია მისი გამოკვლევა და დადგენა, არის თუ არა პოლიპი კიბოსწინარე.

 

– რა მნიშვნელობა აქვს კოლონოსკოპიას მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ბრძოლაში?
კოლორექტალური კიბოს მკურნალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ გამოვლენას, რაც დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ხორციელდება. ამასთანავე, მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების თავიდან აცილების მიზნით მთელ მსოფლიოში უდიდესი როლი ენიჭება სკრინინგს, ანუ დაავადების რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, რათა დროულად მოხდეს კიბოს წინარე პათოლოგიების გამოვლენა და მკურნალობა. ყველა ამ გამოკვლევაში კი კოლონოსკოპია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს რგოლს, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაციას გვაწვდის დაავადების შესახებ.

– ძირითადად რა სიმპტომების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ კოლონოსკოპიური გამოკვლევა?
მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები მრავალფეროვანი სიმპტომებით შეიძლება გამოიხატოს, თუმცა ყველაზე ხშირი შემდეგი ჩივილებია:

  • შებერილობა ან მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში
  • ფაღარათი
  • სისხლიანი, ჩირქიანი ან ლორწოს შემცველი გამონადენი უკანა ტანიდან
  • ყაბზობა
  • მეტეორიზმი
  • ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე და სხვ.

თუ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების წარმატებულ მართვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (0432) 23 78 78  ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.



ნანახია 163-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: