რა სიმპტომები ახასიათებს მუცლის აორტის ანევრიზმას?

ანევრიზმები უმეტესად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება.



რა არის მუცლის აორტის ანევრიზმა?
მუცლის აორტის ანევრიზმა – არტერიული სისტემის ანევრიზმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური პროცესია. ანევრიზმის დროს მუცლის აორტის დიამეტრი არის ნორმაზე მეტად მომატებული. ამასთანავე, იცვლება აორტის ფორმაც. მას შეიძლება ჰქონდეს სფეროს, ტომრის ან თითისტარისებური ფორმა.
მუცლის აორტის ნორმალური დიამეტრი 2,5სმ-მდეა. თანამედროვე კლასიფიკაციას თუ მოვიშველიებთ, 2,5სმ-დან 3,4სმ-მდე ადგილი აქვს აორტის პრეანევრიზმატულ დილატაციას; 3,5სმ-დან 5,0სმ-მდე საქმე გვაქვს მუცლის აორტის მცირე ანევრიზმასთან. ხოლო თუ მუცლის აორტის დიამეტრი აღემატება 5,0სმ-ს, მაშინ ადგილი აქვს დიდ ანევრიზმას.

რა იწვევს ამ დაავადების განვითარებას?
უმეტეს შემთხვევაში ანევრიზმები სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა, კერძოდ, სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგება. ამ დროს კედელი კარგავს ელასტიურობას. იმის გამო, რომ მუცლის აორტაში არის მაღალი წნევა, დაზიანებული სისხლძარღვის კედელი შესაძლოა წნევის შედეგად გაფართოვდეს და წარმოიქმნას ანევრიზმა.

 რა სიმპტომები ახასიათებს მუცლის აორტის ანევრიზმას?
აღსანიშნავია, რომ მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში დაავადება დაახლოებით 70%-ში უსიმტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენ 30%-ში კი აღინიშნება:

  • ტკივილი მუცლის ან წელის მიდამოში,
  • დისპეპსიური მოვლენები (შებერილობა, დიარეა),
  • მოპულსირე წარმონაქმნის არსებობა მუცლის ღრუში.

როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?
მუცლის აორტის დიაგნოსტირებისთვის პირველ ეტაპზე სრულიად საკმარისია მუცლის აორტისა და თეძოს არტერიების დუპლექს-სკანირება. ანევრიზმის დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია და/ან აორტო-არტერიოგრაფია, რათა შეირჩეს შესაბამისი ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა.

 როგორ მკურნალობთ მუცლის აორტის ანევრიზმას?
მუცლის აორიტის ანევრიზმა, ისევე როგორც არტერიული სისტემის სხვა ანევრიზმები, წარმოადგენს ქირურგიულ პათოლოგიას. მისი მკურნალობის მეთოდები არის: 1) ტრაციდიული ღია წესით ოპერაციული მკურნალობა და 2) ენდოვასკულარული. ალადაშვილის კლინიკაში ორივე აღნიშნული მეთოდი, ისევე როგორც პაციენტის პოსტოპერაციული მართვა, უახლესი გაიდლაინების მიხედვით და მნიშვნელოვანი წარმატებით ხორციელდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 895-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error