რა შემთხვებშია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება აუცილებელი

 

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ გამოკვლევა) წარმოადგენს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის  მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რომელიც მისი მაღალი მგრძნობელობისა და ინფორმაციულობის გამო თანამედროვე მედიცინაში  დიაგნოსტიკის ხშირად არჩევის,  რუტინულ მეთოდად მიიჩნევა.

– რა მიზნით გამოიყენება კტ. კვლევა თანამედროვე მედიცინაში?

კომპიუტერული ტომოგრაფია უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება. კტ კვლევას მიმართავენ შემდეგი მიზნით:

 

ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. კერძოდ: სიმსივნური პათოლოგიის, სისტემური დაავადებების, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით.

მწვავე დაზიანებების დიაგნოსტიკისათვის: ამ შემთხვევაში იგულისხმება მძიმე ტრავმები, რომლის დროსაც გამოკვლევის ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში შეფასდეს სხვადასხვა ორგანოების თანადროული დაზიანება და დაზიანებების სიმძიმე. ასევე, მინდა განსაკუთრებით  აღვნიშნო, რომ კტ. გამოკვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია, განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკაც, რაც გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მაგალითად, როცა პაციენტს აღენიშნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება, კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას აძლევს ექიმს გამოიყენოს კონსერვატული მკურნალობის მეთოდი, რაც სხვადასხვა ტრავმის  არაოპერაციულ მკურნალობასა  და მონიტორინგს გულისხმობს. ეს დაზოგვითი ტაქტიკა ნაკლებად ინვაზიურია და სწორედ ამიტომ მაღალი აქტუალობით სარგებლობს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში.

 

კტ აარჩევის მეთოდს წარმოადგენს ისეთ ურგენტულ სიტუაციაში, როგორიცაა: თავის ტვინის ინსულტი, ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტის დაზიანება და სხვა.

გამოკვლევის ამ მეთოდით აგრეთვე შესაძლებელია ანგიოლოგიური (სისხლძღვოვანი) პათოლოგიების  დიაგნოსტიკა, ასევე პოსტოპერაციული მონიტორინგი.

 

 

რას  გულისხმობს პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის მომზადება?

გამოკვლევისათვის მომზადება არ მოიცავს რამე განსაკუთრებულ წესს. თუმცა საგულისხმოა რამდენიმე გარემოება, მაგალითად:  მუცლისა და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია  არაინფორმატიულია  იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული აქვს ბარიუმი (გამოიყენება რენტგენოდიაგნოსტიკაში). ამ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა შესაბამისი რჩევა-დარიგება  და შემდგომ ტარდება გამოკვლევა.

 

ამასთანავე, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს პერსონალს, რადგან ალერგიულ პაციენტთან ინტრავენური კონტრასტირებით მიმდინარე გამოკვლევის ჩატარებისას, ჩვენ უცილებლად ვთანამშრობლობთ ალერგოლოგებთან და მხოლოდ შესაბამისი მომზადების შემდგომ ვატარებთ გამოკვლევას.

 

კომპიუტერული ტომოგრაფია  უკუნაჩვენებია ორსულებში, მეძუძურ დედებში თუ ეს არ არის კვლევა სასიცოცხლო ჩვენებით. ამ შემთხვევაშიც კი სასურველია, პროცედურა შესრულდეს  განსაკუთრებულად დამზოგველი პროტოკოლით.

 

დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი კომპიუტერული ტომოგრაფიის უაღრესად მნიშვნელოვან როლს წარმატებულ მკურნალობაში. სწორედ კტ. კვლევით მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობა. ეს ექიმს საშუალებას აძლევს სწორად შეარჩიოს და დაგეგმოს მკურნალობის მეთოდიკა, დააკვირდეს შედეგებს და იქონიოს ზუსტი ცოდნა პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ყოველივე ეს კი წარმატებული მკურნალობის მთავარი წინაპირობაა!

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 



ნანახია 274-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: