წყლულოვანი დაავადებები

წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, რეციდივებით (პერიოდული  გამწვავებებით) მიმდინარე პათოლოგიაა, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტით ვლინდება.

წყლულის უცნაურობანი

წყლულოვანი დაავადება უფრო მამაკაცებს ემართებათ (ქალებზე ოთხჯერ ხშირად). სუსტი სქესის ორგანიზმი აღჭურვილია თავდაცვის დამატებითი  მექანიზმებით, რაც მათ გაცილებით გამძლეებს ხდით სტრესისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ (ეს ის ფაქტორებია, რომლებიც წყლულის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამშობს).

წყლულოვანი დაავადება უმთავრესად შემოდგომა-გაზაფხულზე შემოგვიტევს ხოლმე. ამ სეზონურობას თავისი მიზეზი აქვს: გაზაფხულისთვის ადამიანის ორგანიზმი დასუსტებული და გამოფიტულია – ზამთარში მზის გამოსხივება სუსტია, საკვები – ვიტამინებით ღარიბი, ავიტამინოზი და ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობ კი იმუნიტეტს ასუსტებს; ამას ერთვის ეგრეთ წოდებული გაზაფხულის დეპრესია და ორგანიზმის საერთო დაღლილობა, ყოველივე ეს კი წყლულის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის; ხოლო შემოდგომაზე დასვენებული ორგანიზმი  ცდილობს, ადრინდელ რიტმს დაუბრუნდეს.

წყლული თორმეტგოჯა ნაწლავში უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე კუჭში. კუჭის წყლული სამ-ოთხჯერ იშვიათია. ამასთანავე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უფრო ახალგაზრდებს ემართებათ, ხოლო კუჭისა – შედარებით ხანდაზმულებს.

მიზეზები

წყლულის უშუალო მიზეზებისთვის ჯერჯერობით არ მიუგნიათ, მაგრამ ცნობილია მისი განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი:

  • ე.წ აგრესიული ფაქტორების გაძლიერება (სიმჟავისა და პეფსინის დონის მატება) და დამცავი ფაქტორები (პროტექტორების) შემცირება.
  • კიდევ ერთი მიზეზია Helicobactor Pylori. იგი მჟავიანობას არ ეპუება, მშვიდად ცხოვრობს კუჭში და ლორწოვანი გარსის დეფექტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
  • ზოგიერთი მედიკამენტი, სახელდობრ ასპირინი და მისი შემცვლელები (ეს წამლები განსაკუთრებით მავნეა, თუ ჭამამდე დალევთ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიკოაგულანტები და სხვ.
  • პათოლოგიის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს არააადეკვატური კვებაც.

დაავადების ნიშნები

წყლულოვანი დაავადების მთავარი ნიშანი ტკივილია, რომელიც ეპიგასტრიუმის არეში (ჭიპის ზემოთ) აღმოცენდება. ტკივილი გადაეცემა ზურგში, მარცხენა ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში (ღვიძლის არეში). წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილის გაჩენა ღამით და ეგრეთ წოდებული მშიერი ტკივილი. თუკი ტკივილი ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ დაგეწყოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაქვთ, ხოლო თუკი ჭამიდან რამდენიმე წუთში იჩინა თავი, ეს კუჭის კარდიალური ნაწილის წყლულზე მიგვანიშნებს.

გართულებები

წყლულოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებული გართულებები სისხლდენაა. იგი  ჩვეულებრივ, დაავადების გაწვავებისას ვითარდება.

 

მკურნალობა

წყლულს უმთავრესად მედიკამენტებით მკურნალობენ, იშვიათად კი ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

დაიხსომეთ: წყლულოვანი დაავადებების თვითნებურად მკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. მცირედი ეჭვიც რომ გაგიჩნდეთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა პირველ რიგში საკვების ადეკვატურად მიღებას გულისხმობს. წყლული რომ არ გაგიმწვავდეთ, აუცილებლად მისდიეთ ექიმის რჩევას და დიეტა არ დაარღვიოთ.

ფრთხილად მიიღეთ მედიკამენტები, მით უფრო ისეთები, რომლებიც თავად იწვევს წყლულს.



ნანახია 191-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: