ტკივილი გულმკერდის არეში

ტკივილი გულმკერდის არეში უამრავი  მიზეზის ბრალი შეიძლება იყოს: ჩვეულებრივი მიოზიტისაც და მიოკარდიუმის ინფარქტისაც…

  • მიოკარდიუმის ინფარქტით ან სტენოკარდიით გამოწვეული ტკივილი უმეტესად ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩნდება. იგი იწყება მკერდის ძვლის უკან სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც მოსვენებისას ან ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ გაივლის. თვით ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია მკერდის ძვლის არეში და მისგან მარცხნივ, ჩხველეტას ან გაგლეჯას მოგაგონებთ, ადამინას ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს დანა ჩაარტყესო, ტკივილი გადაეცემა კისერში, მხრის, ზურგის, მარცხენა ბეჭის არეში, იდაყვსა და მარცხენა ხელში შეიძლება, მუცელშიც.
  • არსებობს ტკივილი, რომელიც სიარულს და სუნთქვას უკავშირდება. მეტწილად ცალ მხარეს აღმოცენდება, ყრუ და მჩხვლეტავია და ძლიერდება ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს.

ასეთი ტკივილი ყველაზე ხშირად მალთაშუა  ნევრალგიის ბრალია. მალთაშუა ნევრალგიას იწვევს ან გადაცივება, ან ნერვის ფესვის მიჭყლეტა ოსტეოქონდროზის დროს. შვებას მოგგვრით გამახურებელი საცხები და ტკივილგამაყუჩებლები, თუმცა მაინც სასურველია კონსულტაციისთვის ნევროლოგს მიმართოთ.

  • ტკივილი, რომელიც პლევრის ანთებითაა განპირობებული, უპირატესად პნევმონიის (ფილტვების ანთების) დროს იჩენს თავს. ამ დროს ტკივილი მკაცრად არის ლოკალიზებული და სუნთქვისას ვითარდება. ტკივილით შეწუხებული ადამიანი ცდილობს, მტკივან მხარეს დაწვეს , რათა ამ მხარეს სუნთქვა შეზღუდოს. პლევრიტს (პლევრის ანთებას), როგორც წესი მაღალი სიცხე სდევს თან. ასეთ შემთხვევაში მკურნალობისას ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო.
  • ტკივილი მიოზიტის დროს გადაცივებას ან კუნთის ანთებას უკავშირდება. ხელის დაჭერისას შეიგრძნობა მთელი კუნთის ან მისი ნაწილის დაჭიმულობა და ტკივილი. ამგვარ ტკივილს იოლად აცხრობს გამახურებელი საცხები და ტკივილ გამაყუჩებლები.