ვიზიტი პულმონოლოგთან – “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი”-ს ექიმი პულმონოლოგი მაკა გელაშვილი

საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, არსებობს სასუნთქი სისტემის ორგანოთა 400-ზე მეტი დაავადება, რომლებიც ეტიოლოგიიით, პათოგენეზითა  და კლინიკური გამოვლინებებით ერთმანეთისგან განსხვავდება. პულმონოლოგია ის დისციპლინა გახლავთ, რომელიც ამ დაავადებებს შეისწავლის და მათთან ბრძოლის გზებს გვთავაზობს.

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში, შეინიშნება ფილტვების პათოლოგიათა გახშირების ტენდენცია. ამის კვალობაზე იზრდება ხალხის ინტერესიც მათ მიმართ.

თემასთან დაკავშირებით, თქვენთვის საინტერესო კითხვებს  ექიმი პულმონოლოგი მაკა გელაშვილი პასუხობს:

– ქალბატონო მაკა, ზოგჯერ ადამიანები ხველას გაციებას აბრალებენ და დიდ ყურადღებას არ აქცევენ . შეიძლება თუ არა ხველა სასუნთქი სისტემის პათოლოგიაზე მიუთითებდეს?

– ხველა თავდაცვითი რეფლექსია, რომელიც ბრონქების გაღიზიანებით არის განპირობებული. მისი მიზეზი შეიძლება იყოს პულმონური, ტრაქეული ან ფარინგული პათოლოგია.

ტრაქეაში უცხო სხეულის მოხვედრა მის გაღიზიანებას იწვევს, რასაც ხველა მოჰყვება, რასაკვირველია, უნახველო, ფარინგიტის დროს კი ხველა ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ბრალია. რაც შეეხება პულმონურ ანუ ფილტვის ქსოვილის (და, რაღა თქმაუნდა უნდა, ბრონქების) დაზიანებით განპირობებულ ხველას, რომელსაც  ხშირად ნახველის გამოყოფაც ახლავს, ის მეტად საყურადღეობოა. აუცილებელია მიზეზის დადგენა და მკურნალობა.

ბრონქიტი

– ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბრონქიტი. რას გვეტყვით მის მიზეზებზე?

– ბრონქების დაავადებებს შორის განარჩევენ მწვავე ბრონქიტს და ქრონიკულ ბრონქიტს.

ეჭვგარეშეა, რომ ბრონქიტის ყველაზე ხშირი მიზეზი თამბაქოს წევაა. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს გარემო, კერძოდ, ჰაერის მდგომარეობა. ქრონიკული ბრონქიტის განვითარების რისკი აქვთ ინდუსტრიული ქალაქების მკვიდრთ, სადაც ჰაერი მავნე ნივთიერებებით არის დაბინძურებული.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალერგიულ ფაქტორებს. ინფექციის როლი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ვირუსული ინფექცია ქრონიკული ბრონქიტის კლინიკური გამოვლინებების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

– ადამიანები ბრონქიტის დიაგნოზს ხშირად თვითონვე ისვამენ და ხველისა თუ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ებრძვიან მას..

– როგორც აღვნიშნე, ხველის მიზეზი ბრონქიტის გარდა ბევრი სხვა რამ შეიძლება იყოს. მხოლოდ ხველას რომ ვებრძოლოთ, დაავადებას ვერ დავამარცხებთ. უპირველეს ყოვლისა, ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ, მივაკვლიოთ მის მიზეზებს და მასზე დაყრდნობით დავიწყოთ მკურნალობა. ამას კი მხოლოდ ექიმი შეძლებს. ადრე ყველა ადამიანი 6 თვეში ერთხელ, სასუნთქი გზების რენტგენოლოგიურ კვლევას იტარებდა. ეს შესანიშნავი საპროფილაქტიკო ღონისძიება იყო. ახლა ეს, ეკონომიკური  თუ სხვა მიზეზების გამო, შედარებით ძნელია. ამიტომ როცა ხველა გაწუხებთ, ნუღარ დააყოვნებთ და ექიმს ეწვიეთ. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება გაცილებით ადვილი სამკურნალოა.

 

პნევმონია

– რა იწვევს პნევმონიას?

– პნევმონია – ფილტვების ანთება – შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმა (პნევმაკოკმა, სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა…), ვირუსმა, სოკოებმა, ალერგიულმა ფაქტორებმა, ფიზიკურმა და ქიმიურმა გაღიზიანებამ (ტრავმამ, დასხივებამ, ქლორის, ფტორისა და სხვა ნივთიერებების ზემოქმედებამ), უშუალოდ ფილტვის გაღიზიანებამ (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის დროს). გვხვდება დაუდგენელი მიზეზით განვითარებული პნევმონიაც.

– როგორია მისი პირველადი გამოვლინებები?

– პნევმონიას, საზოგადოდ, მაღალი ტემპერატურა, ნახველიანი ხველა და საერთო სისუსტე ახასიათებს. აუსკულტაციის (სტეთოსკოპით მოსმენის) დროს ისმის პრეპიტაცია (ხიხინი), რენტგენოლოგიურად ფილტვები ხშირად სუფთაა, თუმცა ანთება მიმდინარეობს.

– გრიპი შეიძლება პნევმონიით გართულდეს. როდის უნდა ვიეჭვოთ ფილტვების ანთება?

-გრიპს მაღალი სიცხე ახასიათებს. თუ ამ ხნის მანძილზე ტემპერატურა არ დაიწევს და ავადმყოფს ხველაც დაეწყება, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ და გრიპის გართულების მიზეზი გაარკვიოს.

– სანამ გრიპი ანთებით გართულდება, ხომ არ შეიძლება პროფილაქტიკისთვის ანტიბიოტიკების მიღება?

– არავითარ შემთხვევაში. გრიპს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ. ამ დროს უნდა მიიღოთ ბევრი (დღეში 3 ლიტრამდე) სითხე, მაგალითად, პიტნის, ცაცხვის ან ჟოლოსმურაბიანი ჩაი და გაზგასული ბორჯომი, მაღალი სიცხის შემთხვევაში  – სიცხის დამწევი პრეპარატები. ანტიბიოტიკებით ანთების პროფილაქტიკას ვერ მოვახდენთ.

– რას გულისხმობს პნევმონიის მკურნალობა?

– პირველ რიგში, მიზეზის აღმოფხვრას. ეს ანტიბიოტიკოთერაპიის მეშვეობით ხდება. ამის გარდა, აუცილებელია იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატებისა და ვიტამინების დანიშვნა და, რაღა თქმა უნდა, სიმპტომური – ხველის საწინააღმდეგო – მკურნალობა: მშრალი ხველის შემთხვევაში – ხველის დამთრგუნველი საშუალებები, ხოლო ნახველის არსებობისას – ამოსახველებლები. წამლებს ექიმი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად, ჩვენებებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით შეარჩევს.

ამას გარდა, ავადმყოფი უნდა იკვებოდეს ვიტამინებით, ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით.

– წოლითი რეჟიმი თუ არის აუცილებელი?

– თუ დაავადება რთულად მიმდინარეობს, მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე სდევს თან, ავადმყოფი 7-8 დღე მაინც უნდა იწვეს. სხვა შემთხვევაში წოლა აუცილებელი არ არის, მაგრამ ავადმყოფი შინ უნდა იყოს და გამოჯანმრთელებამდე გარეთ გასვლას მოერიდოს.

– რამდენ ხანს გრძელედება პნევმონიის სარეაბილიტაციო პერიოდი?

– რეაბილიტაცია 25-27დღე გრძელდება და ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს გულისხმობს.

პლევრიტი

– რა არის პლევრიტი და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მშრალი და სველი პლევრიტები?

– პლევრიტი პლევრის ფურცლების ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, ფილტვების რომელიმე დაავადებას(ტუბერკულიოზს, პნევმონიას, ფილტვის აბსცესს, კიბოს, ფილტვის ინფარქტს..) მოჰყვება. შეიძლება ტრამვის ან რევმატიზმის დროსაც განვითარდეს.

განარჩევენ პლევროპევმონიას, რომელსაც ხალხი მშრალ პლევრიტს უწოდებს და ექსუდაციურ ანუ სველ პლევრიტს.

საზოგადოდ, ფილტვებმა ტკივილი არ იცის, მშრალი პლევრიტის დროს კი ავადმყოფი გულმკერდის არეში ტკივილს უჩივის. ამას პლევრის ფურცლების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს. ჩაუსუნთქვის, ხველის ან მკვეთრი მოძრაობების დროს ტკივილი ძლიერდება.

ექსუდაციური პლევრიტის დროს, როცა პლევრის ფურცლებს შორის სითხე დგება ტკივილი ქრება, სამაგიეროდ ჩნდება, ქოშინი.

თუ პლევრიტი ტუბერკულოზური წარმოშობისა არ არის, მას თან სდევს მაღალი სიცხე.

-რას გულისხმობს მისი მკურნალობა?

– რა თქმა უნდა, გამოწვევ მიზეზებთან ბრძოლას, სიმპტომათერაპიასა და ორგანიზმის საერთო რეაქტიულობის მომატებას.

ბრონქოექტაზია

– ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ბრონქების გაგანიერება ახასიათებს. იგი უმეტესად თანდაყოლილია, შედარებით იშვიათად – შეძენილი.

ბრონქოექტაზია უპირატესად ცალმხრივია, თუმცა ექიმთან ვიზიტის დროს ავადმყოფებს უკვე ორმხრივი დაზიანება აღენიშნებათ. დაავადება ახასიათებას დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა, ღამღამობით – “სველი ბალიშის“ სინდრომი (ნახველის სიჭარბის გამო პირიდან გამოდის და ბალიშს ასველებს).

 

მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.

 ფილტვის ინფარქტი

– ფილტვის ინფარქტის მიზეზი შეიძლება იყოს ტრამვით (ვთქვათ, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით) გამოწვეული ცხიმოვანი ემბოლია, ვენების გაგანიერების გამო განვითარებული თრომბოემბოლია და სხვა. ამ პათოლოგიას ახასიათებს კლასიკური სიმპტომოკომპლექსი: ტკივილი, სისხლიანი ხველა და სუნთქვის უკმარისობა. როცა ტრამვატოლოგიურ ან ანგიოლოგიურ განყოფილებაში ამდაგვარი ჩივილების მქონე პაციენტი მიდის ექიმმა ყოველთვის ფილტვის ინფარქტი უნდა იეჭვოს.

– ამ დაავადების შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამხელაა ფილტვის ქსოვილით დაზიანებული არე. თუ ეს არე მცირეა, იშ შეიძლება კონსერვატიული მეთოდის მეშვეობითაც აღდგეს, არ არის გამორიცხული ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო. თუ დაზიანებული უბანი დიდია, შეიძლება, ოპერაცია ვეღარც კი მოესწოს და ავდმყოფი შოკისგან დაიღუპოს.



ნანახია 1188-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error